ქადაგიშვილი: კახეთში სასაფლაოები დაკეტილია და დარღვევის მცდელობები არც გუშინ იყო და არც დღეს არის

456

კახეთის რეგიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ერთეული შეთხვევები ფიქსირდება, – ამის შესახებ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, რეგიონში ვითარება მშვიდია და მოსახლეობის დიდი ნაწილი იცავს იმ წესებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედებისას არის შემოღებული. ინფორმაცია სინტერპრესნიუსი ავრცელებს.

„მშვიდი ვითარებაა რეგიონში. გამოცხადებული ღონისძიებები რაც არის კარანტინის დაცვასთან დაკავშირებით მოსახლეობა იცავს. ზოგადად ჯარიმები იწერება, რა თქმა უნდა და სამწუხაროდ, ვიღაცები მაინც არღვევენ „კომენდანტის საათის“ ან გადაადგილების წესებს, თუმცა ამის მიუხედავად შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში მშვიდი ვითარებაა და ეს ერთეული შემთხვევებია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, რეგიონში ყველა სასაფლაო დაკეტილია და პოლიციასთან ერთად ადგილებზე წესრიგის დაცვას მერიის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

„სასაფლაოები დაკეტილია და არც დარღვევის მცდელობები იყო, არც გუშინ და არც დღეს. ტერიტორიას, როგორც პოლიცია ისე ადგილობრივი მერიის წარმომადგენლები აკონტროლებენ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.  ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული, თუმცა, ის, მთავრობის ინიციატივით, 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 399 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 93 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 4.