იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სააღდგომოდ სასაფლაოები 3 დღის ნაცვლად, 10 დღით დაიკეტება.მისივე თქმით, შესაძლოა, ზესტაფონისა და ქუთაისის გარდა, სასაფლაოებისკენ მიმავალი გზები სხვა მუნიციპალიტეტებშიც ჩაიკეტოს.
„ჩვენ 3 დღე გვქონდა გადაწყვეტილი, თუმცა, გუშინ, როგორც ხელისუფლებამ გააჟღერა, ეს შეზღუდვები 10 დღე იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთიან პოლიტიკას გავატარებთ და იმერეთშიც ეს შეზღუდვა 10 დღე დაწესდება. ხელისუფლება დეტალებს სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს და გვეცოდინება ზუსტად, თუ რა ტიპის ღონისძებებს მივამართავთ და სხვადასხვა ქალაქებში რას მოვიმოქმედებთ. გამოცხადებული მქონდა, რომ ქუთაისში და ზესტაფონში დავკეტავდით სასაფლაოებს. სავარაუდოდ, ეს ყველა მუნიციპალიტეტზე გავრცელდება. დაემატებიან თუ არა, სხვა მუნიციპალიტეტები, ან როგორი ტიპის შეზღუდვები იქნება მუნიციპალიტეტებში, ეს მოგვიანებით იქნება ცნობილი“, – განაცხადა შალამბერიძემ.
მისივე განმარტებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.