შალამბერიძე არ გამორიცხავს, რომ ზესტაფონისა და ქუთაისის გარდა, სასაფლაოები რეგიონის სხვა ქალაქებსა და სოფლებშიც ჩაიკეტოს

449

ის ადამიანები, ვინც არიან რეგისტრირებული ქუთაისში, შეძლებენ შემოვლას ამ ათი დღის განმავლობაში ნებისმიერ დღეს და ის ადამიანები, რომლებიც არიან სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, შეძლებენ ნებისმიერ დღეს დატოვონ ქალაქი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.

„გამონაკლისები არიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც მუშაობენ ქუთაისში განთავსებულ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე და სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოდიან აქ სამუშაოდ. არ იზღუდება არც საქალაქთაშორისო, არც სატრანზიტო გადაზიდვა და არც დისტრიბუცია და ყველა სატრანსპორტო საშუალება იმოძრავებს შეუფერხებლად, რომელსაც ქალაქში საკვები პროდუქტები შემოჰქონდა. რა თქმა უნდა, ქალაქში საკვები პროდუქტების არანაირი დეფიციტი არ იქნება“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

რაც შეეხება სასაფლაოების დაკეტვას ქუთაისსა და ზესტაფონში, როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა განმარტა, ეს არის პრევენცია იმისთვის, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული არ გამორიცხავს, საჭიროების შემთხვევაში ზესტაფონისა და ქუთაისის გარდა, რეგიონის სხვა ქალაქებსა და სოფლებშიც ჩაიკეტოს სასაფლაოები.

„გავაკონტროლებთ სხვა მუნიციპალიტეტებსაც და ამ დღეებში მივიღებთ გადაწყვეტილებას, დაემატება თუ არა კიდევ რომელიმე მუნიციპალიტეტი, იქედან გამომდინარე, რამდენად დიდი ნაკადი იქნება მოქალაქეების”, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 15 აპრილის 21:00 საათიდან თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი 10 დღით ჩაიკეტა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.