ტიკარაძე: საქართველოში ხელოვნური სუნთქვის აპარატით ერთდროულად შეიძლება მაქსიმუმ 1 200 პაციენტი იმართოს

578

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში დღეს 1 200 პაციენტის ხელოვნური სუნთქვის აპარატით უზრუნველყოფის შესაძლებლობაა. მისივე თქმით, როდესაც ერთ ჯერზე აღნიშნული რაოდენობის პაციენტი დაფიქსირდება, მომდევნო პაციენტებს ხელოვნური სუნთქვის აპარატით უზრუნველყოფის პრობლემა შეექმენებათ. თუმცა, მინისტრის განმარტებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში სასუნთქი აპარატები არ არის.

„უბრალოდ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ადამიანური რესურსების სიმწირე.

„ჩვენ გვაყვს 256 ინფექციონისტი და 488 რეანიმატოლოგი, მაგრამ მინდა განვმარტო, რომ ამ რიცხვების აღქმაც რთულად ხდება, რადგან ეს ადამიანები გარკვეული ციკლისა და მორიგეობის მიხედვით ახორცილებენ თავიანთ ჩართულობას. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ვერ იმუშავებენ, რადგან ექიმსაც სჭირდება თავისი ძილის ფაზის შესრულება იმისთვის, რომ პროდუქტიული იყოს და შეძლოს უსაფრთხოდ მართოს პაციენტი და ჰქონდეს ის შედეგები, რომელიც დღს ჩვენს ექიმებს აქვთ. რაც შეეხება პაციენტების მართვას, ის მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც საქართველოში ხელოვნური სუნთქვის აპარატით შეიძლება იმართოს, ეს არის 1 200. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთ ჯერზე დაფიქსირებული 1 200 პაციენტი კლინიკაში დაჰყოფს მინიმუმ 14 დღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 14 დღის განმავლობაში წარმოიქმნება გარკვეული რისკი სხვა პაციენტებისთვის, როდესაც მომდევნოს დასჭირდება ხელოვნური სუნქვის აპარატით უზრუნველყოფა და შემდეგ მართვა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს სასუნთქი აპარატები, უბრალოდ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ადამიანური რესურსების სიმწირე, რომლის შეძენაც ნებისმიერ ფასად არის წარმოუდგენელი, რადგან ეს პროფესიონალები წლების განმავლობაში ყალიბდებიან და საქართველოს დღეს ჰყავს მხოლოდ იმდენი რეანიმატოლოგი, რა რიცხვიც იქნა დასახელებული“,- განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი   გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.