კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, რუსთავში, გვიან ღამით, ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, სადეზინფექციო ხსნარებით წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე დამუშავდა ტროტუარები და ცენტრალური გზიდან უბნებში შემავალი გზის მონაკვეთები, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების მიმდებარე და ისეთი ტერიტორიები, სადაც მოსახლეობის გადაადგილება ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი.
სადეზინფექციო სამუშაოებში მონაწილეობა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მიიღო, პროცესს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი დაესწრო.
,,დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ მომრავლდა ისეთი კონკრეტული ლოკაციები, სადაც ხალხმრავლობაა. ეპიდემიოლოგების რჩევითა და შეთანხმებით, გადავწყვიტეთ ამ ადგილების დამუშავება. დეზინფექცია, გუშინ დილით ჩატარდა ისეთ სივრცეებში, სადაც საშუალება იყო, რომ დილიდანვე დაგვეწყო დამუშავება და ღამით გამოვიყენეთ „კომენდანტის საათი“. ძირითად ლოკაციებად არჩეული გავქვს ტროტუარები, სავაჭრო ობიექტების ტერიტორიები, ადმინისტრაციული შენობების რომლებიც მუშაობს, კერძოდ, პოლიციის , საავადმყოფოებისა და აფთიაქების ტერიტორიები. სადეზინფექციო ღონისძიებები ხვალ და ზეგაც ჩატარდება“, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ .
ამასთან, მერიის ცნობით, ქალაქის ქუჩების დამუშავების სამუშაოები მომდევნო ორი დღის განმავლობაშიც გაგრძელდება.
“დეზინფექციის პროცესს ,,რუსთავსერვის ცენტრი’’ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ერთობლივად ახორციელებენ. კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავში გუშინ, საღამოს 21:00 საათიდან, შესვლა და გამოსვლა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ანალოგიურად შეზღუდულია. ქალაქში შესვლა-გამოსვლის კონტროლი 5 სხვადასხვა ბლოკ საგუშაგოს მეშვეობით ხორციელდება”, – განმარტავენ მერიაში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.