დაიკეტება თუ არა სააღდგომოდ სასაფლაოები სამცხე–ჯავახეთში

404

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სასაფლაოების დაკეტვას რეგიონის არცერთ მუნიციპალიტეტში გეგმავენ. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს სასაფლაოზე გასვლა სოციალური დისტანციის დაცვით მოუწევთ. ვითარებას ადგილზე სამართალდამცველები გააკონტროლებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

19 აპრილს მართლმადიდებლები აღდგომის დღესასწაულს ზეიმობენ. მოსახლეობის ნაწილი საფლავებზე, გარდაცვლილთა სულის მოსახსენებლად, კვირას, ნაწილი კი ორშაბათს გადის.

ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დიდ ქალაქებში მუნიციპალური სასაფლაოების დროებით დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარტის ხელმძღვანელის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, ამ ეტაპზე რეგიონის არცერთ მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით, სასაფლაოების დაკეტვის გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა აღდგომის დღეებში მკაცრად გაკონტროლდება სიტუაცია.

„საკარანტინო პირობებიდან გამომდინარე გაკონტროლდება, რომ სამზე მეტი ადამიანი არ შეიკრიბოს, ასევე შემოწმდება გადაადგილება ტრანსპორტით. ძალოვანი სტრუქტურის წარომადგენლები იქნებიან ადგილზე, როგორც აქამდე ხდებოდა და თუ დახმარება დასჭირდებათ თვითმართველობების თანამშრომლებიც დაეხმარებიან, რათა არ მოხდეს დარღვევები“,– განაცხადა მიქელაძემ.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ საფლავების დახურვაც მოუწიოთ, რადგან აღდგომის დღესასწაულამდე კიდევ რამდინემე დღეა დარჩნილი და ამ პერიოდში შეიძლება ქვეყანაში ეპიდსიტუაცია შეიცვალოს.

„რეკომენდაციები არის ის, რომ მაქსიმალურად ყველამ უნდა შეიკავოს თავი სახლიდან გასვლისგან. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეძლება ნაკლებად იმოძრაოს ხალხმა ქუჩებში. ვნახოთ როგორი იქნება ეპიდსიტუაცია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, თუ კატასტროფულად მოხდა ინფიცირებულების ზრდა, შეიძლება დაიკეტოს კიდეც“,– გვითხრა გიორგი მიქელაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სასაფლაოებზე წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.