ბათუმში ორი ძირითადი საკონტროლო-გამშვები პუნქტი იმოქმედებს – ჩაქვის გვირაბთან და ასევე მთიანი აჭარის მიმართულებით მახოს ხიდთან, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომელიც ჩაქვის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მივიდა.
მისი თქმით, ბათუმთან შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას გადაადგილების მხრივ შეზღუდვა არ ექნება.
„იქნება ორი ძირითადი ბლოკ-პოსტი. ერთი ახლა სადაც ვიმყოფებით და მეორე მახოს ხიდთან. ეს პრაქტიკულად ემთხვევა ბათუმის სამართლებრივ ადმინისტრაციულ საზღვრებს და ამავე დროს ხვდება ხელვაჩაურის რამდენიმე დასახლება. ეს არის გეოგრაფიულად და ეკონომიკურად ბათუმთან მჭიდროდ დაკავშირებული დასახლებები. ამიტომ, ამ ნაწილში შეზღუდვა მათზე არ გავრცელდება და მოექცევა ამ ორი ბლოკ-პოსტის პერიმეტრის შიგნით.
რაც შეეხება ზოგადად რეჟიმის გამკაცრებას აღსრულების ნაწილში, ამ მიმართულებით მიღებულია შესაბამისი დავალება, რომ როგორც კომენდანტის საათის დროს, ასევე სოციალური დისტანცირების ნაწილში ყოფნის, აღსრულების კიდევ უფრო მეტად გამკაცრება და სანქცირება იმ მოქალაქეების, რომლებიც ამ განაწესებს არღვევენ. ამავე დროს, თუკი იქნება შესაბამისი შემთხვევები, სადაც ჩვენ მოქალაქეებთან გვიწევს მეტი აღსრულების მექანიზმების შემოღება, რა თქმა უნდა, მომავალში ესეც არ არის გამორიცხული“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.