ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 264 შემოწმებული კომპანიიდან, ჯანდაცვის გაიდლაინები 224-მა დააკმაყოფილა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფმა 6 – 14 აპრილის პერიოდში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან შესაბამისობის მიზნით, 264 კომპანიის საქმიანობა შეამოწმა. შემოწმებული კომპანიებიდან 105 ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. მათგან 79 – მა კომპანიამ ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინები სრულად დააკმაყოფილა. რაც შეეხება სხვა დაშვებულ საქმიანობას, სამუშაო ჯგუფმა შეამოწმა 58 კომპანია, რომელთაგანაც 44 კომპანიაში გაიდლაინებს სრულად ასრულებენ.
„გარდა ამისა, შემოწმების შედეგად შემოწმდა 14 კომპანია, რომელიც ამჟამად საქმიანობას არ ეწევა. საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გადარჩეული კომპანიებისგან სულ შემოწმდა 101 კომპანია. მათგან 68 კომპანია აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ხოლო 33 კომპანია – ვერა.
რაც შეეხება 14 აპრილის სტატისტიკას, ორი საჯარო უწყების მიერ 40 კომპანიის 41 ობიექტი გადამოწმდა ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისობასთან. აქედან: შემოწმდა 30 ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანია, საიდანაც ჯანდაცვის რეკომენდაციებთან შესაბამისობის მოთხოვნები დააკმაყოფილა 27 კომპანიამ. ასევე საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით სულ შემოწმდა 9 კომპანია, რომლებმაც ეკონომიკის სამინისტროს მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით მოგვმართეს. მათგან 8 კომპანიამ გაიდლაინები დააკმაყოფილა, დანარჩენმა კი – ვერა”,-აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავრობის რამდენიმე დადგენილებებით განსაზღვრულია იმ კომპანების სია, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობა არ ეზღუდებათ. 6 აპრილიდან კი მთავრობამ ამ საწარმოების შემოწმება დაიწყო, თუ როგორ ასრულებენ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.