სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული არ გამორიცხავს, რომ ზუგდიდი ჩაიკეტოს. ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვითარება ისე იცვლება, და იცვლება ძალიან სწრაფად, არაფერია გამორიცხული.
მისი თქმით, ქალაქში ხალხმრავლობაა, რაც ვირუსის გავრცელების უპირველესი ხელშემწყობია. მისივე თქმით, დაფიქსირდა კომენდანტის საათის ორჯერ დარღვევის ფაქტი ერთი და იგივე მოქალაქის მხრიდან.
“არ ეყო პოლიციას ის დამატებითი საშუალებები, რაც მათ მობილიზებული აქვთ და კიდევ ექნათ დასამატებელი, რომ აკონტროლონ როგორც კომენდანტის საათის დარღვევა, ასევე კონტაქტები. მივმართავ მოსახლეობას, პოლიციის რესურსს ნუ გამოგვაყენებინებთ იმ მიმართულებით, რა მიმართულბითაც მათ თვითონ შეუძლიათ დაარეგულირონ ეს საკითხები. ნუ მივიყვანთ ხელისუფლებას ამ მოცემულობადე. თუ გვექნება მსგავსი ანალოგიური, უკონტროლო სიტუაცია, რა თქმა უნდა დაიკეტება”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა დღეს 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.