საგანგებო სესიაზე გამოდის მხოლოდ ის საკითხები, რომელთა განხილვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და საჭიროა მათი დაუყოვნებლივ მიღება. შესაბამისად, კომიტეტი აღარ განიხილავს ტყის კოდექსს. კანონპროექტის განხილვა ჩატარდება პარლამენტის ჩვეული რეჟიმით მუშაობის დაწყებისთანავე – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ფეისბუქზე წერს.
ნინო წილოსანის განმარტებით, კოდექსი სატყეო რეფორმის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია და მის შემუშავებაში მონაწილეობდა GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება), პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები და დარგის ექსპერტები.
როგორც დეპუტატი წერს, ამავე კოდექსის მიღებასთან არის დაკავშირებული ტყის რეფორმის განსახორციელებლად დონორი ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული 30 მილიონამდე ევრო.
„რაც შეეხება მორიგ არასწორ ინტერპრეტაციას, თითქოს ტყის ფართობების გადაცემა ხდება რომელიმე ინსტიტუციაზე, ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
რეალურად, ახალი კოდექსი ავალდებულებს ყველას – მუნიციპალიტეტებს, სააგენტოებს, ეკლესიასა თუ სხვა ნებისმიერი სუბიექტს, რომელიც ფართობს უკვე ფლობს, რომ დააკმაყოფილოს ახალი კოდექსით გათვალისწინებული ობიექტური კრიტერიუმები, რომელთა შემუშავებაში თავის მხრივ, ჩართული იყო ყველა მხარე, არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოელი პარტნიორები, სატყეო სექტორის, გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების სპეციალისტები“, – წერს ნინო წილოსანი.
https://www.facebook.com/GDNinoTsilosani/posts/2946268165419168?__tn__=-R