მაია ბითაძე: მნიშვნელოვანია, რომ დღეს სრულიად განსხვავებულია სახელმწიფო სტრუქტურების მიდგომა, ზოგადად მმართველი სტრუქტურების დამოკიდებულება ტყის მიმართ

361

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის მერვე პლენარულ სხდომაში, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა.

პარლამენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეროვნულ სატყეო პროგრამის პროცესი საქართველოში 2013 წლიდან მიმდინარეობს. მისი მიზანია საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმის ხელშეწყობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფა. პროგრამა ხელს უწყობს თემატური და სტრატეგიული დოკუმენტების მომზადებას, აგრეთვე, საზოგადოებისთვის ეროვნული სატყეო პოლიტიკის, ტყის მართვისა და ზედამხედველობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

„დღეს ჩვენ გვაქვს ახალი „ტყის კოდექსი“ და ტყის მდგრადი მართვა დღეს უკვე ხდება ხელშესახები. საქართველოს ტყეები, ერთის მხრივ ჩვენი სიმდიდრეა და მეორეს მხრივ არის დიდი გამოწვევა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს სრულიად განსხვავებულია მიდგომა სახელმწიფო სტრუქტურების, ზოგადად მმართველი სტრუქტურების დამოკიდებულება ტყის მიმართ. ჩვენი დონორების დახმარებით, არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებით, საქართველოს საერთაშორისო მრავალმხრივი ხელშეკრულებების შესრულებით საქართველო ნამდვილად დგას იმ გზაზე, რასაც ტყის მდგრადი მართვის პრინციპების უკვე განხორციელება ჰქვია.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის მონაცემები ტყის ფენისა და მისი შემადგენელი ელემენტების შესახებ იყო პრაქტიკულად ზედაპირული და დღეს ჩვენ პრაქტიკულად ვაანალიზებთ ყველა ამ მონაცემს და ნამდვილად სიამაყით არის აღსანიშნავი, რომ ტყის ინვენტარიზაციის პროცესი აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.

მონაცემთა შეგროვება, მონაცემთა დამუშავება არის წინაპირობა იმისა, რომ საქართველოს ტყეები იყოს სწორად მართული და შენარჩუნებული იყოს ტყეების ღირებულება და ასევე, ტყის მოვლა-პატრონობის ღონისძიებები სწორად იყოს დაგეგმილი.

ის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს არის ძალიან ჯანსაღი, ძალიან სწორი პროცესი და იმედი მაქვს სულ მალე იმ გამართული პროცესებით ვიამაყებთ, რომელიც სატყეო სექტორში მისი რეფორმირებისა და ტყის ფონდის შესახებ ინფორმაციის დამუშავების შედეგად მოგვცემს სრულფასოვანი მუშაობისა და განვითარების საშუალებას“, – განაცხადა მაია ბითაძემ სხდომაზე გამოსვლისას.

სხდომაზე წარდგენილი იყო სატყეო სექტორის მიმდინარე რეფორმის პროცესის მიმოხილვა, იმსჯელეს სატყეო პოლიტიკის შემუშავებაზე, ტყის მართვაზე და განიხილეს ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უწყებების მიერ 2021 წელს მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები.

ეროვნული სატყეო პროგრამა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის მიერ, პროცესის მხარდამჭერია ორგანიზაცია CENN, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით, ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.