ქეთევან ვარდიაშვილი
მრჩეველი; GIZ-ის პროგრამა – კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში
საბიუჯეტო რესურსები რომ ყველასია, ეს ცნობილია. თუმცა, მთავარი შეკითხვა ბიუჯეტის დაგეგმვისას და თანხების გადანაწილებისას არის ის, თუ როგორ აისახება ესა თუ ის ხარჯი ქალებსა და კაცებზე, გოგონებსა და ბიჭებზე, ანუ, რამდენად სწორად და სამართლიანად ნაწილდება თანხები ქვეყანაში.
იმისათვის, რომ გავარკვიოთ, სწორად ვანაწილებთ თუ არა საჯარო სახსრებს, აუცილებელია შესაბამისი კვლევებისა და მონაცემების არსებობა იმის დასადგენად, თუ ვინ ისარგებლა ამა თუ იმ სერვისით. სხვა შემთხვევაში ძნელია ვამტკიცოთ, რომ ჩვენ, როგორც მუნიციპალიტეტი, საჯარო თანხებს ყველა სამიზნე ჯგუფსა (ხანში შესულები, ბავშვები, ქალები, კაცები და ა.შ.) და მათ საჭიროებებზე მორგებულად ვანაწილებთ.
მხოლოდ უთანაბრობის დანახვისას შევძლებთ ჩვენ პრობლემის აღქმას და მის გამოსასწორებლად ადეკვატურ რეაგირებას. აღნიშნული კვლევები, შესაძლოა, საქართველოსთვის ძვირად მოგვეჩვენოს, მაგრამ როგორც კი სწორად გადანაწილებული თანხის შედეგებს და მისგან გაჩენილ კმაყოფილებას დავინახავთ, ამ საკითხზე აქტიურად დავიწყებთ ფიქრსა და მოქმედებას.
იმ ქვეყნებში, სადაც გენდერული ბიუჯეტირების მიმართულებით უკვე დიდი ხნის გამოცდილება დაგროვდა, გამოყოფენ რამდენიმე საკითხს, როდესაც მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული კონკრეტული ღონისძიებები პირდაპირ აისახება გარკვეულ სამიზნე ჯგუფებზე.
სფეროები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ქალთა ცხოვრებაზე:
- საბავშვო ბაღების საკმარისი ხელმისაწვდომობა პირდაპირ კავშირშია ქალებისათვის დროის გამოთავისუფლების საკითხთან, რათა მათ შეძლონ დასაქმება და ქვეყნის და ოჯახის ეკონომიკური დოვლათში წვლილის შეტანა;
- მოწესრიგებული საჯარო ტრანსპორტი ერთმნიშვნელოვნად ზრდის ქალთა და ახალგაზრდების მობილობის შესაძლებლობებს და აქტიურ ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ ჩართულობას. ამასთან, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის გადაწყვეტილებების მიღებისას, მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ბავშვთა ეტლით გადაადგილების საკითხები და შეძენილი საჯარო ტრანსპორტი იყოს შესაბამისად ადაპტირებული;
- გარეგანათების საკითხის მოგვარებაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქალებისა და ბავშვებისათვის;
- ტროტუარების მოწესრიგებისას მუნიციპალიტეტმა უნდა იზრუნოს ქვეითად მოსიარულე დედებზე, რომლებიც საბავშვო ეტლით გადაადგილდებიან;
- კონკრეტული სახელოვნებო და სპორტული შეთავაზებებისას მნიშვნელოვანია, რომ ისინი მორგებული და თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი როგორც გოგონების, ისე ბიჭების საჭიროებებზე. მაგალითისთვის, მუნიციპალიტეტმა მხოლოდ სტერეოტიპულად ბიჭებზე მორგებულ სპორტული სახეობების განვითარებას კი არ უნდა შეუწყოს ხელი, როგორებიცაა თუნდაც ფეხბურთი ან ჭიდაობა, არამედ იზრუნოს სხვა სპორტული სახეობებისა და წრეების ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც გოგონებისთვისაც იქნება საინტერესო, როგორიცაა, მაგალითად, სახელოვნებო წრეები, რადგანაც სპორტული აქტივობები ყველა ბავშვისათვის თანაბრად მნიშვნელოვანია;
- ასევე, ეკონომიკური კრიზისების დროს ხარჯების დაზოგვისას, მნიშვნელოვანია, დაზოგილი და გაუქმებული ღონისძიებების შესაძლო ზეგავლენების გაანალიზება, რათა აღნიშნულით ერთმნიშვნელოვნად მოწყვლადი ჯგუფები არ დაზარალდნენ.
ზემოთ წარმოდგენილი რამდენიმე მაგალითი ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკითხის სწორად გაანალიზება და გადაწყვეტა, რაც ჩვენივე მოქალაქეებისათვის უფრო მეტი სარგებლის მომტანი გახდება. ასევე, გაჩნდება კმაყოფილება მოსახლეობაში, რომელთა გადასახადით დაფინანსებულ ბიუჯეტს განვკარგავთ ჩვენ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
სწორედ ზემოაღნიშნული შედეგების მიღწევაში საქართველოში მუნიციპალიტეტებს ეხმარება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), რომელიც კონსულტაციებს უწევს მუნიციპალიტეტებს გენდერზე ორიენტირებული ბიუჯეტის პოლიტიკის დანერგვაში. აღნიშნული მიდგომა ხელს უწყობს მოსახლეობის ყველა ჯგუფის საჭიროებების, მათ შორის, ქალებისა და კაცების ინტერესების გათვალისწინებას ადგილობრივი ბიუჯეტირების პროცესში.
ამ მიზნით, GIZ-ის პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისათვის სამხრეთ კავკასიაში“ – მხარდაჭერით, 2020 წელს განხორციელდა საბაზისო კვლევა, რომლის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა ხუთი მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტები და გაანალიზდა გენდერულ ჭრილში. კვლევამ გამოავლინა, რომ მუნიციპალიტეტებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს გენდერული ასპექტების ინტეგრირება ბიუჯეტში. ამასთან, მერიის თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებს არ აქვთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება გენდერულ ბიუჯეტზე მუშაობისთვის. შესაბამისად, GIZ წინასწარ შერჩეულ მუნიციპალიტეტებს (რუსთავი, ოზურგეთი, ქედა, გურჯაანი, ზუგდიდი) 2021 წელს მხარს უჭერს გენდერული ბიუჯეტირების დანერგვის პროცესში. შედეგად კი, 2022 წლის ბიუჯეტებში უკვე გათვალისწინებული იქნება გენდერული ასპექტები.
GIZ აღნიშნულ პროექტს ახორციელებს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით (BMZ) და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მოქალაქეზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბებას და რეგიონულ განვითარებას.
GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივი მხარის სისწორესა და ავტორთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე.