შპს „საქართველოს მელიორაცია” მარნეულის მუნიციპალიტეტში სარწყავი და სადრენაჟე სისტემების სარეაბილიტაციო პროექტებს რამდენიმე ლოკაციაზე ახორციელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შპს „საქართველოს მელიორაცია”, სარწყავი და სადრენაჟე სისტემების სარეაბილიტაციო პროექტებს უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით, შეუფერხებლად ახორციელებს.
„სოფელ კაჩაგანში ხე-მცენარეებისაგან „გამარჯვების არხის“ 6 000 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები სოფელ კაჩაგანის, კასუმლოსა და აღმამედლოს 1000 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს წყლის მიწოდების რეჟიმს. სოფელ ბაილარის, საიმერლოსა და ქუტლიარის სავარგულების წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, სოფელ საიმერლოში „აღმაშენებლის არხის“ 4 კმ-იანი მონაკვეთი იწმინდება. ამავე სისტემის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ქუტლიარშიც. ნატანი მასისგან და ბუჩქნარისგან არხის 5000 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. „აღმაშენებლის არხზე“ ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის გამტარუნარიანობას გაზრდის, რაც ჯამში 1100 ჰექტარ სავარგულზე გააუმჯობესებს სარწყავი წყლის მიწოდებას. აღდგენითი სამუშაოები უტარდება ასევე, ქეშალოს სატუმბი სადგურის სარწყავ სისტემას სიგრძით 1500 მეტრი, რომელიც 2 ათეული წელია არ ჩატარებულა. არხის მოწესრიგების შედეგად დამატებით 40 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება. საქართველოს მელიორაცია ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს აპრილის ბოლოსთვის დაასრულებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.