ტიკარაძე: ქვეყანაში 256 ინფექციონისტი გვყავს, მათ მხოლოდ 853 პაციენტის მოვლა შეუძლიათ

720

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მთავარი გამოწვევა არის არა ინფრასტრუქტურული რესურსი, არამედ – ადამიანური.

ტიკარაძემ ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ რეანიმატოლოგებისა და ინფექციონისტების რიცხვით საქართველო “განებივრებული არ არის”. როგორც მინისტრი ამბობს, ქვეყანაში ამ დროისთვის 488 რეანიმატოლოგი გვყავს, რომლებსაც 1 200 პაციენტის მკურნალობა შეუძლიათ და 256 ინფექციონისტი, რომლებსაც 853 ინფექციური პაციენტისთვის შეუძლიათ მოვლა.

ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის რესურსი, რაც ქვეყანაში არსებობს და არასწორია მხოლოდ ინფრასტრუქტურული რესურსის გათვალისწინება.

“ინფრასტრუქტურას აქვს ერთი უნიკალური თვისება და ეს ჩვენ ბათუმისა და რუხის რესპუბლიკური საავადმყფოოების მომზადების მაგალითზე ვნახეთ. გარკვეული თანხების ოპტიმიზაციითა და შემდეგ მათი სწორი დახარჯვით, შესაძლოა, უმოკლეს ვადაში გამართო ისეთი საავადმყოფო, როგორიც ეს ორია,”- ამბობს ტიკარაძე.

გარდა ამისა, მინისტრის თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი საწოლ-ფონდია, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის 2-ჯერ და 3-ჯერ მეტია, თუმცა ამის მიუხედავად, ადამიანური რესურსის სიმწირე ჯანდაცვის სისტემისთვის დიდი რისკია და ხარვეზია.

“აქ გვაქვს ძალიან დიდი დრამა და ხარვეზი, რაც არის მოცემულობა და ფაქტი, რასაც ჩვენ ვერანაირი თანხების ოპტიმიზაციით ვერ შევცვლით, ვინაიდან ამას სჭირდება წლები,”- ამბობს ტიკარაძე.

მინისტრის თქმით, საქართველოში 488 რეანიმატოლოგი გვყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი საქართველო დაიცავს რომელიმე ევროპული ქვეყნის სტანდარტს, ამ რეანიმატოლოგებს თავიანთი ადამიანური რესურსის გადანაწილება მხოლოდ 1 200 პაციენტზე შეუძლიათ.

“ამ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარდა Covid-ინფექციისა, ჩვენ ვართ ადამიანები და გვაქვს სხვა თანმხლები დაავადებები, რომელსაც ასევე ხშირ შემთხვევაში ესაჭიროება ამ პროფილის ექიმების ჩართულობა.

არც ინფექციონისტების რიცხვის რაოდენობით არ ვართ ჩვენ განებივრებულები და გვყავს სულ 256 ინფექციონისტი, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ მათი ოპტიმალური გადანაწილებით ჩვენ შეგვიძლია მოვუაროთ მხოლოდ 853 ინფექციურ პაციენტს.

როდესაც ამ რიცხვებს აანალიზებ, მაშინ ხვდები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, გადადგა მკაცრი ნაბიჯები, მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რაც ხშირ შემთხვევაში იმსახურებს კრიტიკას,”- თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა დღეს 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.