„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება კონკრეტულ ეკონომიკურ გეგმას არ წარმოადგენს, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას პარლამენტში მხარს არ დაუჭერენ. მისივე თქმით, უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს დამატებით და ძალიან მძიმე შეზღუდვებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელ ყველა სამედიცინო ღონისძიებას, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს დამატებით და ძალიან მძიმე შეზღუდვებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. იმ პირობებში, როდესაც ათეულობით ათასი ადამიანი აპრილში რჩება უხელფასოდ, როდესაც ათეულობით ათასი თვითდასაქმებული აპრილში ვეღარ გამოიმუშავებს ოჯახის შესანახად თანხას, ადამიანების სახლში დატოვება 10 მაისამდე ისე, რომ არ უთხრა მათ, რას ჰპირდები კონკრეტულად, რით დაეხმარები აპრილში, გასცემ თუ არა სახელფასო კომპენსაციას, ეხმარები თუ არა თვითდასაქმებულებსა და სოციალურად დაუცველებს, ასეთი კონკრეტული დაპირებისა და კონკრეტული გაცემული დახმარების გარეშე, საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვების გაგრძელება უბრალოდ დაანგრევს ეკონომიკას და უმძიმეს ვითარებაში ჩააყენებს ადამიანებს. ამიტომ მხარს დავუჭერთ ყველა სამედიცინო ღონისძიებას, მაგრამ გადარჩენის კონკრეტული ეკონომიკური გეგმის გარეშე, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს ვერ დავუჭერთ,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა დღეს 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.