ქუთაისის ცენტრალური ბაზარი, შესაძლოა, სააღდგომოდ გაიხსნას

614

ქუთაისის ე.წ.  “მწვანე ბაზრის”  ადმინისტრაცია სააღდგომოდ ბაზრობის გახსნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.

ბაზრის დირექტორის ოლეგ არღვლიანის თქმით, ყველა ის რეკომენდაცია რაც შესაბამისი უწყებებიდან ჰქონდათ მიღებული შესრულებულია და იმედი აქვთ, რომ ბაზრის გახსნის უფლებას რამდენიმე დღეში მისცემენ.

“ისე განვალაგეთ დახლები, რომ ორმეტრიანი დისტანცია დაცულია. დეზინფექცია ისედაც ყოველდღიურად ტარდება და მზად ვართ ყველანაირად რომ დავიცვათ უსაფრთხოების ზომები მუშაობისას”, – ამბობს ოლეგ არღვლიანი.

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის დადგენილებით, ქვეყნანაში აგრარული ბაზრები დაიხურა. ქუთაისში სულ სამი აგრარული ბაზარია.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა დღეს 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი   გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.