“ლელო საქართველოსთვის” წევრი ქუთაისის მერიასა და საკრებულოს 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანისკენ მოუწოდებს

721

პოლიტიკური გაერთიანების “ლელო საქართველოსთვის” იმერეთის ოფისის ხელმძღვანელმა მამუკა მამალაძემ ქუთაისის მერიასა და საკრებულოს 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანისკენ მოუწოდა.

“მოვუწოდებ ქალაქის მერიასა და საკრებულოს, დაუყოვნებლივ შეიტანონ ცვლილებები 2020 წლის ბიუჯეტში და სხვადასხვა სახის გართობა-ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული თანხები, ღიად და გამჭვირვალედ, მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით, მიმართონ უმუშევრად და უსახსროდ დარჩენილი თანამოქალაქეების დასახმარებლად”, – აცხადებს მამალაძე.

“ლელო საქართველოსთვის” იმერეთის ოფისის ხელმძღვანელის განცხადებაში საუბარია იმ გასართობი ღონისძიებების შესახებ, რომელთა გაუქმება და მათთვის გამოყოფილი თანხების უსახსროდ დარჩენილი მოსახლეობისთვის მობილიზება პარტიას მიზანშეწონილად მიაჩნია.

“ორმაისობის დღესასწაული – 100 000 ლარი, მასწავლებლის დღის აღსანიშნავად – 21.500 ლარი, ქუთაისელი დამსახურებული ქურუმის სტიპენდია – 52 000 ლარი, ახალი სასწავლი წლის აღსანიშნავად – 10 000 ლარი, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება – 10 000 ლარი, მასწავლებლების სამკერდე ნიშნების დასამზადებლად – 10 000 ლარი, ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტი 61 მლნ ლარს შეადგენს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა დღეს 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი   გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.