აჭარის მუნიციპალიტეტებში საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს

376

აჭარის მუნიციპალიტეტებში საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ფერმერულ მეურნეობებში ინტენსიურად გრძელდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ხულოს მერთან ერთად გაეცნო.

„სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს ხვნისა და თესვის სამუშაოები აგროვადების სრული დაცვით. დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს სამუშაოების განხორციელება, რაც საბოლოოდ აისახება მოსავლის ხარისხზე და რაოდენობაზე“, – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა დღეს 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.