იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სააღდგომო პერიოდში ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიკეტება.როგორც შალამბერიძე ამბობს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, კონკრეტულად რომელ დღეებში ჩაიკეტება სასაფლაოებისკენ მიმავალი გზა, თუმცა, მისივე თქმით, ეს შეზღუდვა 3 დღეს გაგრძელდება. ინფორმაციას ინტერპრესნუსი ავრცელებს.
„დიდი ქალაქების – ქუთაისის და ზესტაფონის – სასაფლაოები სააღდგომო პერიოდში დაკეტილი იქნება. სასაფლაოები სავარაუდოდ, 3 დღის განმავლობაში იქნება დაკეტილი. ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს, ეს იქნება – კვირას, ორშაბათს, სამშაბათს თუ შაბათს, კვირას და ორშაბათს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ სააღდგომოდ ხალხის მობილიზება არ მოხდეს. მოგეხსენებათ, სასაფლაოებზე ბევრი ხალხი გადის და ვირუსის გავრცელების დიდი რისკია“, – განაცხადა შალამბერიძემ.
მისივე თქმით, დღეიდან სამ სხვა დიდ ქალაქთან ერთად, ქუთაისიც ჩაიკეტება.
„ქუთაისში შესასვლელ-გასასვლელებს მთლიანად ვკეტავთ. აქამდე ბლოკ-პოსტები იყო და მხოლოდ შემოწმებით შემოვიფარგლებოდით, ახლა კი მთლიანად დაიხურება და ფიზიკური პირებიდან მხოლოდ ის ადამიანები შევლენ, ვინც ქუთაისშია ჩაწერილი და რეგისტრირებული.შესვლას შეძლებენ გადაუდებელ შემთხვევებშიც და ასევე, ის ადამიანებიც, რომელთა მუშაობაც საგანგებო რეჟიმში სასიცოცხლოდ აუცილებელია. ქალაქის დახურვის შეზღუდვები დღეიდან 10 დღეს გაგრძელდება. ქალაქის შიგნით გადაადგილება არ შეიზღუდება“, – განაცხადა შალამბერიძემ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 15 აპრილიდან კი თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 10 დღით აიკრძალა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.