ცქიტიშვილი: ოთხი ქალაქის შერჩევა ემსახურება იმ ამოცანას, რომ მაქსიმალურად შევამციროთ მობილობა ამ მუნიციპალიტეტებს შორის

373

ჩვენი მთავარი ამოცანა არის მაქსიმალურად შევამციროთ კონტაქტები ადამიანებს შორის, უზრუნველვყოთ სოციალური დისტანცია და მნიშვნელოვნად შევზღუდოთ ქალაქებს შორის გადაადგილება, – ამის შესახებ დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ოთხ ყველაზე დიდ ქალაქთან დაკავშირებით მიღებული ახალი შეზღუდვა დიდწილად ინფიცირებულთა მატებამ განაპირობა.

„ჩვენ უკვე ვიმყოფებით შიდა გავრცელების ეტაპზე. ცნობილია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში გვქონდა რეკორდული ზრდა 30 ახალი პაციენტის სახით და აქედან გამომდინარე, აუცილებელია დამატებითი შეზღუდვების დაწესება. ოთხი ქალაქის შერჩევა ემსახურება სწორედ იმ ამოცანას, რომ მაქსიმალურად შევამციროთ მობილობა ამ მუნიციპალიტეტებს შორის. შეზღუდვები ძალაში შევა ხვალ 21:00 საათიდან და შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ მანამდე იმ მოქალაქეებმა, რომლებიც იმყოფებიან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში ან რუსთავში, თავად უნდა გადაწყვეტონ თუ სად ურჩევნიათ შემდგომი 10 დღის გატარება. ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ამ პერიოდში ყველას ექნება უფლება დაბრუნდეს იმ რეგისტრაციის მისამართზე, რომელიც დაფიქსირებულია პირადობის მოწმობებში. თუმცა შეზღუდული იქნება უფლება, რომ კვლავ დატოვონ რეგისტრაციის მისამართი“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა, რომლის კომენტარსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა იკრძალება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი    გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.