გახარია: მკაცრად თუ არ შესრულდება ყველა შეზღუდვა, არსებობს რისკი, რომ შეზღუდვების მოხსნის ეტაპი გადავადდეს თვეობით

947

უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით შევასრულოთ ყველა ის შეზღუდვა, რომელსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ, იმისთვის, რომ ჩვენ სწრაფად, მაისის შუა რიცხვებიდან თანდათან დავიწყოთ ამ შეზღუდვების ნელ-ნელა, თანმიმდევრული მოხსნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თუ მკაცრად არ შესრულდება ყველა შეზღუდვა, არსებობს რისკი, რომ შეზღუდვების მოხსნის ეტაპი გადავადდეს თვეობით.

„უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით შევასრულოთ ყველა ის შეზღუდვა, რომელსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ, იმისთვის, რომ ჩვენ სწრაფად, მაისის შუა რიცხვებიდან თანდათან დავიწყოთ ამ შეზღუდვების ნელ-ნელა, თანმიმდევრული მოხსნა. ეს არის ის წინაპირობა, რომლის შემთხვევაშიც ჩვენ შეგვიძლია ავამუშაოთ ეკონომიკაც, ბიზნესიც. სხვა შემთხვევაში, თუ ჩვენ მკაცრად არ შევასრულებთ ყველა ამ შეზღუდვას, არსებობს რისკი, რომ ამ შეზღუდვების მოხსნის ეტაპი გადავადდეს თვეობით. ეს არის ობიექტური რეალობა.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვერცერთი უმაღლესი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციაც კი, კვლევითი ინსტიტუტებიც კი, დღეს ზუსტად ვერ აკეთებს პროგნოზს, როდის იქნება გავრცელების პიკი. ეს არის პირდაპირი მოცემულობა იმისთვის, რომ ჩვენ შევთანხმდეთ ერთ რამეზე – უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას, შრომას. რა თქმა უნდა, ეს შეცვლის ჩვენს ყოველდღიურ საქციელს და ქმედებას, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა იმისა, რომ ჩვენს ეკონომიკას მივცეთ საშუალება, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს აღდგენა. შედარებით მცირე რაოდენობა ინფიცირებული საქართველოში არის იმის დამსახურება, რომ ერთ-ერთი ვიყავით, ვინც ყველაზე ადრე დავიწყეთ შეზღუდვების შემოტანა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ასევე პირველთა რიგებში ვიყოთ, როდესაც დავიწყებთ ეკონომიკის აღდგენას და ამის გაცხადების საშუალებას მაძლევს არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა დღეს, 14 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.