სასწავლო პროცესის აღდგენა მაისამდე გადაიდო

888

წინა სტატია

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო დგომარეობა გახანგრძლივდა და 10 მაისამდე უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შესაბამისი წინადადებით მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტს უნდა მიმართოს.

იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი და პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას დათანხმდებიან, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ქვეყანაში სასწავლო პროცესის განახლებაც მინიმუმ 10 მაისამდე გადავადდება.

„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხვალიდან, 15 აპრილის 21 საათიდან 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა (შიგნით არა, შესვლა და გასვლა) აიკრძალოს 10 დღით. საგანგებო მდგომარეობა კი გახანგრძლივდება 10 მაისამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.