შეიძლება, გავხდეთ იძულებული და განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ყველანაირი შეზღუდვა რაც არსებობს ყველას ეხება, რაც შეეხება რელიგიურ ღონისძიებებს და ჩვენს ტრადიციებს, სასაფლაოების მონახულებას, ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ საკითხს განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს. ეს პირდაპირ პროპორციულად არის დამოკიდებული ვირუსის გავრცელების იმ დინამიკასთან, რომელიც იქნება. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ უახლოესი ერთი ორი დღის განმავლობაში და წინასწარ, რა თქმა უნდა, ადამიანებს გავაფრთხილებთ. დიდი ალბათობით, ჩვენ მოგვიწევს შეზღუდვა. მოგეხსენებთ, რომ სასაფლაოები მუნიციპალური საკუთრებებია და ჩვენ მიგვიწევს გარკვეული შეზღრდვების დაწესება გარკვეული პერიოდით“ ,- აღნიშნა გახარიამ.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა დღეს, 14 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.