საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდი 447 მილიონი, ხოლო დონორი ორგანიზაციები მილიარდ 500 მილიონი დოლარით დაეხმარებიან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენ დავასრულეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელებაზე მოლაპარაკება, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ნიშნავს დამატებით 447 მილიონ დოლარს ერთი წლის განმავლობაში, რომელიც იქნება შემოსული ჩვენს ეკონომიკაში. ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმების პირობები, რომლებიც უკვე მიღწეულია”, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, დონორი ორგანიზაციები საქართველოს წლის ბოლომდე 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარით დაეხმარებიან.
“გარდა ამისა, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, აზიის განვითარების განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, გერმანიის განვითარების ფონდს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს – ყველა ეს დონორი ორგანიზაციაა, რომელთან პირველადი მოლაპარაკებების შედეგად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ წლის ბოლომდე საქართველოს ეკონომიკაში დამატებით ამ დონორების მხრიდან ეკონომიკის მხარდაჭერის სახით იქნება შემოსული 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარი. ეს დახმარება განხორციელდება წლის ბოლომდე მხოლოდ სახელმწიფოს მიმართულებით. ეს არის საბიუჯეტო და მიზნობრივი დახმარებები, რომელიც მიმართული იქნება როგორც საბიუჯეტო დახმარების, ისე კონკრეტული პროექტების მიმართულებით”, – განაცხადა გახარიამ.
გახარიას ინფორმაციითვე, იგივე დონორი ორგანიზაციები მზად არიან, ამდენივე თანხით კერძო სექტორს დაეხმარონ.
გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა და გვაქვს მჭირდრო ურთიერთობა ჩვენს საფინანსო და საბანკო სექტორთან. მათი მხარდაჭერის მიზნით იგივე სახის მოლაპარაკებები ჩვენ გვქონდა დონორ ორგანიზაციებთან, რომლებმაც, ასევე, დამატებით განაცხადეს მზადყოფნა, რომ საქართველოს კერძო სექტორს, საფინანსო სექტორს და რეალურ სექტორს დაეხმარონ, ასევე, 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარით. ეს ის თანხაა, რომელიც ამ ორგანიზაციებში მობილიზებულია და ჩვენს ბიზნეს სექტოს შეეძლება ამ თანხის ათვისება”, – განაცხადა გახარიამ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
ხვალიდან საქართველოს 4 ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 10 დღით აიკრძალება.
გარდა ამისა, საქართველოს პრემიერმინისტრი საქართველოს პრეზიდენტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მიმართავს.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.