TI: ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა შპს “ზუგდიდაგროსერვისი” არ უნდა დააფინანსოს

1113

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა შპს “ზუგდიდაგროსერვისი” არ უნდა დააფინანსოს, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შპს “ზუგდიდაგროსერვისი” მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა მას არავითარი სარგებელი არ მოაქვს. 2018-2019 წლებში შპს “ზუგდიდიაგროსერვისმა” ადგილობრივი ბიუჯეტიდან 460,000 ლარი მიიღო, 2020 წელს კი მისი ბიუჯეტი 350 000 ლარს შეადგენს და ზუგდიდში არსებულ სამ მუნიციპალურ შპს-ს შორის ერთადერთია, რომელსაც არც გასულ წლებში მიუღია საკუთარი შემოსავალი და არც წელს აქვს განსაზღვრული, თუ რა კონკრეტული შემოსავალი შეიძლება მიიღოს.

შპს „ზუგდიდაგროსერვისს” დებულებით შემდეგი ფუნქციები აქვს:

  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება და რეალიზაცია
  • აგროტექნიკური პროცედურების მომსახურება
  • სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა
  • აგრარულ საკითხებზე საკონსულტაციო-საგანმანათლებო მომსახურება
  • ტყის აღდგენა, მოვლა და დაცვა, სანერგე პლანტაციების მოწყობა, ხე-ტყის პროდუქციის გადამუშავება და რეალიზაცია
  • სხვა საქმიანობა, რომელიც კანონმდებლობით არ არის აკრძალული

უცნობია, ჩამოთვლილ უფლებამოსილებათაგან რა განახორციელა შპს “ზუგდიდაგროსერვისმა”. შპს-ს წარმომადგენლებმა ვერც ზუგდიდის საკრებულოში არსებულ “იურიდიული პირების საქმიანობის შემწავლელ ჯგუფს” წარუდგინეს ინფორმაცია, თუ რა სარგებელი მოაქვს მის არსებობას მუნიციპალიტეტისათვის, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ კი განაცხადა, რომ შპს “ზუგდიდაგროსერვისი” ფაქტობრივად უფუნქციოა. პრაქტიკაში ამ ფუნქციებს ახორციელებს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური.

“ზუგდიდაგროსერვისისთვის” 2018-2019 წლებში გამოყოფილი დაფინანსების 85-88% სახელფასო ანაზღაურებაზე დაიხარჯა:

დარჩენილი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილით კი საწვავი შეისყიდეს: 2018 წელს – 7,808 ლარის ღირებულების 4,079 ლიტრი, 2019 წელს კი – 9,036 ლარის ღირებულების 4,196 ლიტრი საწვავი (ჯამში  8,275 ლიტრი). შპს-ს ბალანსზე მხოლოდ ერთი ავტომობილი (Opel Vectra) ირიცხება.

2020 წელს შპს “ზუგდიდაგროსერვისის” საბიუჯეტო დაფინანსება გაიზარდა 350 000 ლარამდე. გაიზარდა შპს-ში დასაქმებულთა რაოდენობაც: 2020 წლის იანვრის მდგომარეობით აქ 25 ადამიანია დასაქმებული, 2018-2019 წლებში კი 21 პირი მუშაობდა.

ყურადსაღებია შემდეგი გარემოებაც: 2020 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა “სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განხორციელება სწორედ შპს “ზუგდიდაგროსერვისის” ბაზაზე დაგეგმა, თუმცა 2020 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ამავე პროგრამის ხუთი მიზნიდან, ოთხი ტყის მოვლა/ადღგენას, შესაბამისი პროგრამების შემუშავებას, ეროზირებული ფართობების გატყევებას, ტყით სარგებლობაზე წინადადებების წარდგენას ეხება მაშინ, როცა  საქართველოს პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი  „საქართველოს ტყის კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ კანონოპროექტს, რომლითაც საერთოდ უქმდება მუნიციპალური ტყის ცნება და ტყის მართვასთან დაკავშირებული საკითხები სრულად ცენტრალიზებული ხდება. პროგრამის მეხუთე მიზანი – “მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების უზრუნველყოფა საინფორმაციო საშუალებებით” – კი საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, განხორციელდეს ტენდერის/სახელმწიფო შესყიდვის მეშვეობითაც. შპს “ზუგდიდაგროსერვისს” არც თავისი ვებ-გვერდი გააჩნია და არც ფეისბუქ-გვერდი”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პოზიციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უარი უნდა თქვას შპს “ზუგდიდაგროსერვისის” დაფინანსებაზე, რადგანაც, სამეწარმეო სტატუსის მიუხედავად, შპს-ს საერთოდ არ აქვს საკუთარი შემოსავლები, არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, შპს-ს საქმიანობისთვის განსაზღვრული ფუნქციების დიდი ნაწილი არ წარმოადგენს თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებას, ნაწილს კი სხვა საჯარო უწყებები ახორციელებს.