სოციალურად დაუცველი დევნილი ოჯახების დასახმარებლად 100 000 ლარამდე გამოიყო

508

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 1050 დევნილ ოჯახს სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრებს გადასცემს.

სააგენტოს ინფორმაციით, 1000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახის დახმარების მიზნით, სააგენტოს ბიუჯეტში 100 000 ლარამდე გამოიყო.

ნობათისა და ჰიგიენური საშუალებების დარიგება, საქართველოს ყველა რეგიონში, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით დღეიდან დაიწყო.

“ამ ეტაპზე, არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, დახმარებას მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ონკოლოგიური ავადმყოფები მიიღებენ. ამასთან, აღნიშნული დევნილი ოჯახები რეგისტრირებულები უნდა იყვნენ სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული უნდა ჰქონდეთ 30 001-ზე ნაკლები ქულა”, – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი   გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.