გორის მუნიციპალიტეტის მერია შესყიდვების სააგენტოს კორონავირუსთან დაკავშირებით, სადეზინფექციო ხსნარების შესაძენად პირდაპირი შესყიდვის განსახორციელებლად ნებართვას სთხოვს.
უწყება ამ ეტაპზე 200 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარის საჭიროებას მიიჩნევს.
“არსებული ვითარებით, მნიშვნელოვანი საფრთხე ექმნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობას/სიცოცხლეს. ასევე, მუნიციპალიტეტის გამართულ და ეფექტიან ფუნქციონირებას.გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სადეზინფექციო ხსნარით შეწამვლის მომსახურების შესყიდვისთვის საჭიროა 200 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი, რის ღირებულებაცაა 5 000 ლარი”, -წერია მერიის განცხადებაში.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.