ქუთაისის აგრარული ბაზრის დირექტორი: მზად ვართ მუშაობა განვაახლოთ

922

კორონავირუსის პრევენციისათვის ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ქუთაისში, აგრარულმა ბაზრებმა მუშაობა შეაჩერა. როგორც ბაზრის დირექტორი, ოლეგ არღვლიანი აცხადებს, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარებულია და ელოდებიან შემდეგ მითითებებს. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს. 

“ის რეკომედნაციები, რაც მოგვცეს გათვალისწინებულია.ველოდებით პასუხს. როდის განვაახლებთ მუშაობას ვადა არ დაუკონკრეტებიათ, მაგრამ ჩვენ ახლაც მზად ვართ განვაახლოთ მუშაობა. ყველა იმუშავებს პირბადეებით და ხელთათმანებით და მოუწევთ ჰიგიენური ნორმების დაცვა”, –  განაცხადა ოლეგ არღვლიანმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ახალი კორონავირუსის გავრცელე ის პრევენციისა და არსებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დავალებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებზე დაყრდნობით შეიმუშავა რეგულაციები, რომლებიც გულისხმობს აგრარული ბაზრების ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოების სისტემატიურად ჩატარებას, პერსონალისა და მომხმარებლის ჰიგიენური ნორმების დაცვას, პერსონალის ჯანმრთელობის მდომარეობის  მკაცრად გაკონტროლებას, მათი ხელთათმანებითა და პირბადეებით აღჭურვას, სადეზინფექციო საშუალებებისა და დეზობარიერეის განთავსებას, პერსონალსა და მომხარებელს შორის სოციალური დისტანციის დაცვას.

აგრარული ბაზრების ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს მონიტორინგს და ობიექტი ფუნქციონირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ დადგენილ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

იმერეთის რეგიონში ზესტაფონის აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება უკვე განაახლა.

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, აგრარული ბაზრები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად დაიხურა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი    გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.