ზესტაფონის აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება განაახლა

1452

ზესტაფონის აგრარული ბაზარი 11 აპრილიდან ერთკვირიანი შეზღუდვის შემდეგ ფუნქციონირებას აგრძელებს. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს. 

“აგრარული ბაზარი დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად გააგრძელებს ფუნქციონირებას, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად,”-განაცხადეს ზესტაფონის მერიაში.

ბაზარმა კორონავირუსის პანდემიის გამო ფუნქციონირება საქართველოში არსებულ სხვა ბაზრებთან ერთად შეაჩერა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი   გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 67 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.