პირველად ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ბავშვსა და ოჯახზე ორიენტირებული 250 სოციალური მუშაკი იმუშავებს

592

მასშტაბური პროექტი „ბავშვის უფლებათა კოდექსისა“ და „სოციალური მუშაობის კანონის“ ფარგლებში მომზადდა. პროექტზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ იმუშავა.

თვითმმართველობებისათვის სოციალური მუშაკების შერჩევა და გასაუბრება გასული 2 თვის განმავლობაში ჩატარდა. 13 აპრილიდან კი, მათი პროფესიული გადამზადება დაიწყო, რომელსაც WORD VISION-ი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს.

პანდემიის გამო, პროფესიული გადამზადება, პირველ ეტაპზე, დისტანციურად მიმდინარეობს და მას მასწავლებლის სახლი უწევს კოორდინაციას. სასერთიფიკატო პროგრამის მიზანია – სოციალური მუშაკებისათვის საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება, პრაქტიული და თეორიული გამოცდილების მიღება.

„ძალიან მალე ქვეყანას ეყოლება 250 სოციალური მუშაკი, რომელიც ადგილობრივ თითმმართველობებში იმუშავებს მოწყვლად ოჯახებში და დაეხმარება მათ სხვადასხვა პრობლემასთან გამკლავებაში. სიღარიბე, ძალადობა, განათლება და ბევრი სხვა მიმართულება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, რის დაძლევასაც ბევრი ძალისხმევა სჭირდება. ადგილებზე თვითმმართველობის სოციალური მუშაკები სწორედ ამაში დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ მთლიანად „ქართული ოცნების“ გუნდმა“: პარლამენტმა, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, განათლების სამინისტრომ.

ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწია ევროკავშირმა და WORLD VISION-მა, რისთვისაც თითოეულ მათგანს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის“. გადამზადებას ჯამში 250 სოციალური მუშაკი გაივლის. აქედან 150 თბილისის მერიის დაქვემდებარებაში იქნება, 100 კი, საქართველოს სხვადასხვა თვითმმართველობაში გადანაწილდება. გადამზადებული სოციალური მუშაკები საქმიანობას 2020 წლის 1-ლი ივნისიდან შეუდგებიან, როდესაც „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ოფიციალურად ამოქმედდება“, – აცხადებს სოფო კილაძე. ​

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი   გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.