ათეულობით მეწარმე გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა – ოზურგეთში სანახევროდ გახსნილი ბაზარი კვლავ დაიკეტა

442

ათეულობით იმედგაცრუებული მეწარმე გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა – ოზურგეთში ბაზრის შესასვლელი, რომელიც ორშაბათს გააღეს, კვლავ დაიკეტა. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.

“სამწუხაროდ იძულებული გავხდი მიმეღო ეს გადაწყვეტილება, რადგან სურსათის უვნებლობისა და ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებსა და ფოტომასალაში ნათლად ჩანდა, რომ ის პირობები რაც აუცილებელია დავიცვათ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ბაზრის შესასვლელში დაცული არ იყო” – ეს განცხადება “გურიის მოამბესთან”  საუბარში გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ გააკეთა.

დღეს დილიდან ათეულობით მეწარმეს, რომლებიც თავის საქმიანობას ოზურგეთის აგრარული ბაზრის შესასვლელში მოქმედ სავაჭრო ცენტრებში ახორციელებდნენ, ამავე ბაზრის შესასვლელი დაკეტილი დახვდათ:

“მოვიდნენ პოლიციელები და ჩაკეტეს, არაფერი არ აუხსნიათ ისე, და დაგვტოვეს ასე” – გვითხრეს ადგილზე მისულ “გურიის მოამბეს” ჟურნალისტებს, მეწარმეებმა.

“სამი დღის წინ , ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ როცა გახსნეს ეს შესასვლელი, წავედით ყველა და შევიძინეთ საქონელი, ზოგმა პირუტყვი, ზოგმა სურსათ სანოვაგე, და დავიწყეთ საქმიანობა, ყოველთვის, ყოველდროს დაცული იყო ყველა პირობა, გუშინ უცებ მოვარდნენ სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, პოლიცია, შექმნეს ხელოვნურად ხალხმრავლობა, მათივე ხალხმა გადაუღო ამას სურათები და ახლა ამის საფუძველზე დავკეტეთო გვეუბნებიან,” – აცხადებს ერთ-ერთი მეწარმე.

ის ჰყვება, რომ მისი მდგომარეობა ამ გადაწყვეტილებით უკიდურესად დამძიმდა და სრული გაკოტრების პირასაა.

იმავე ბედს იზიარებს ათზე მეტი მეწარმე, რომლებიც დაკეტილი ბაზრის რამდენიმე დღეში ნაწილობრივ გახსნის შემდეგ იმ ჩამონათვალში მოხდნენ, ტერიტორიული პრინციპით და პროფილით (სასურსათო მაღაზიები მხოლოდ ბაზრის შესასვლელში), რომელთაც საქმიანობის უფლება განსაკუთრებული მდგომარეობის დროს მიეცათ.

ამას ჯობდა არც გაეხსნათ, რა ვქნათ ახლა როცა ყველას მინიმუმ 10 და 20 ათასი ლარის საქონელი გვიფუჭდება,- ამბობენ მეწარმეები და ხელისუფლებისაგან ადეკვატური ზომების მიღებასა და თანმიმდევრული პოლიტიკის განხორციელებას მოითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ უმრავლესობა მათგანი მიიჩნევს, რომ მათი, მცირე მეწარმეების ბედი, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ბაზრის მოქმედ დირექცია შორის არსებულ დაპირისპირებას ეწირება და კორონავირუსთან ბრძოლა აქ არაფერ შუაშია.

ცნობისათვის: ოზურგეთის აგრარული ბაზარი, კორონა ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების დროს 10 დღის წინ მთლიანად დაიკეტა, თუმცა, სამი დღის წინ ხელისუფლებამ ის ნაწილობრივ (მხოლოდ ბაზრის შესასვლელი და იქ მოქმედი სასურსათო მაღაზიები) გახსნა. ბაზრის ეს ნაწილი დღეს დილიდან ისევ მთლიანად ჩაკეტა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი   გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.