ქუთაისის ქუჩებსა და სკვერებს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა

363

ქუთაისის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებულმა ტექნიკამ და სპეციალისტთა ჯგუფებმა დეზინფექცია ქუჩების გზის სავალ ნაწილზე, სკვერებსა და მოსაცდელებზე ჩაატარეს.

ქუთაისის მერიის განცხადებით, ქალაქის მასშტაბით ქუჩების მორეცხვა სპეციალური ხსნარითა და ქაფით კვლავ გაგრძელდება.

დეზინფექცია ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, სპეციალური ხსნარით ტარდება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.