რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინიფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მკაცრ თვითიზოლაციას 100-მდე ადამიანი გადის.
„წუხანდელმა ღამემ ლენტეხის მუნიციპალიტეტში მშვიდად ჩაიარა, ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, თერმოსკრინინგის დროს რაიმე საეჭვო სიმპტომატიკა არ გამოვლენილა, თვითიზოლაციაში მყოფები არ არღვევენ თვითიზოლაციის წესებს, საკარანტინე ზონაში მშვიდი ვითარებაა.
კრონავირუსით დაინფიცირებულთა 5 შემთხვევა გვაქვს, პირველადი კონტაქტით დაახლოებით 100-მდე ადამიანია გამოვლენილი და ისინი მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მთლიანად საკარანტინე ზონაში 5000 ადამიანია და დღეს, დღის ბოლოს დასრულდება მათი მასობრივი თერმოსკრინინგი, შესაძლოა, რამდენიმე ოჯახი დაგვრჩეს ძალიან მაღალ სოფელში და ხვალ დილით დასრულდეს მათი თერმოსკრინინგი.
აბსოლუტურად არაფრის დეფიციტი არ გვაქვს, სამუშაო ჯგუფებია შექმნილი, რომლებიც ადგილზე აკონტროლებენ დისტრიბუტორების გადაადგილებას, ადგილზე ეცნობიან მედიკამენტების და საკვები პროდუქტების დეფიციტი ხომ არ არის შექმნილი და ყველაფერზე დროული რეაგირება ხდება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 68 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.