შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ორი დადასტურებული შემთხვევაა, სიტუაცია სრულად კონტროლირებადია.
,,ამ დროისთვის, ხიდისყურში სრულად ჩატარდა თერმოსკრინინგი, სოფლის არც ერთ მოსახლეს რაიმე საეჭვო სიმპტომი ან გართულება არ აღენიშნება, შესაბამისად, სრულად კონტროლირებადია სიტუაცია. ინდივიდუალურად იქნება შესწავლილი სოფლის თითოეული მოსახლის ნებისმიერი საჭიროება, უკვე დაწყებულია ეს პროცესი და ამ საჭიროებებზე დროულად მოხდება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა.
სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გუშინ დაწესდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 68 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.