საგანგებო მდგომარეობის დროს ან მისი გაუქმების შემდეგ, თბილისის მთავრობა უფლებამოსილი ხდება თბილისის საკრებულოს მიმართოს და თბილისის ქონებით მოსარგებლე პირებისთვის საინვესტიციო პირობების შეცვლა ან გაუქმება მოითხოვოს. პარლამენტს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტი წარედგინა.
კანონპროექტის თანახმად, თბილისის მთავრობა უფლებამოსილი ხდება, საგანგებო მდგომარეობის დროს ან მისი გაუქმების შემდეგ, მიმართოს საკრებულოს და მოითხოვოს აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლა. ამ უფლებამოსილების გამოყენება თბილისის მუნიციპალიტეტს ეძლევა 2020 წლის 21 მარტიდან წარმოშობილ ან/და მიმდინარე სამართლებრივ ურთიერთობებზე.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია მითითებული, თბილისის მთავრობის შესაბამის მოთხოვნაზე საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში, თბილისის ქონებით მოსარგებლე პირების მიმართ გატარდება საშეღავათო რეჟიმი. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტში ის ახალი მუხლი, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს“ უნდა დაემატოს, იმგვარი რედაქციით არის შემოთავაზებული, რომ მასში „საშეღავათო რეჟიმის“ თაობაზე დათქმა არ წერია. შესაბამისად, კანონპროექტის თანახმად, თბილისის ქონებით მოსარგებლე პირების მიმართ შეცვლილი საინვესტიციო და/ან ფინანსური პირობები საშეღავათო იქნება თუ არა, უცნობია.
კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ლურსმანაშვილია და იგი აღნიშნული ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 68 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.