თავდაცვის სამინისტრო „დელტას“ ბაზაზე ვირუსისგან დამცავი ფარების წარმოებას იწყებს

1065

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო „დელტას“ ბაზაზე ვირუსისგან დამცავი ფარების წარმოებას იწყებს.

„სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჩასაფრებული ძალები ეცადნენ, რომ ქილიკად ექციათ პირბადეების საკითხი, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო ეძებს თვითგადარჩენის გზებს, მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფომ შეძლო ამ საშუალების წარმოება.

ასევე მნიშვნელოვანია რომ თავდაცვის სამინისტრო „დელტას“ ბაზაზე აწარმოებს და უკვე აწარმოა 5000-მდე დამცავი ფარის საშუალება, რაც არის ძალიან საჭირო და დეფიციტური მთელ მსოფლიოში. ეს წარმოება გაგრძელდება. თავდაცვის სამინისტრო და „დელტა“ ასევე, მუშაობს სხვა საშუალებებზე, რაც არის მისასალმებელი. მინდა ჩვენს ჯარისკაცებს, პოლიციელებს, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ვუსურვო ჯანმრთელობა და წარმატებები კრიზისის დაძლევის საქმეში“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 67 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.