ჩვენ ვთვლით, რომ ეს არანაირ რისკს ჯანმრთელობასთან მიმართებაში არ შეიცავს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ქუჩებში სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ ზომებს ბევრი სხვა ქვეყანა მიმართავს და შედგენილია კონკრეტული გრაფიკი თუ რამდენ ხანში ერთხელ და რა მასალით იქნება ქუჩები მორეცხილი.
„ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრაქტიკა, ძალიან ბევრი ქვეყანა მიმართავს ამ ზომებს. ჩვენ დეტალურად გვაქვს გავლილი თუ რა საშუალებებით მიმდინარეობს ამ ობიექტების მორეცხვა და არ ჩავთვლიდი, რომ ეს არის ზედმეტი რაოდენობის. შედგენილი გვაქვს კონკრეტული გრაფიკი და ჯერადობა, თუ რამდენ ხანში ერთხელ და რა მასალით იქნება ქუჩები მორეცხილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არანაირ რისკს ჯანმრთელობასთან მიმართებაში არ შეიცავს,“ – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 67 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.