საკანონმდებლო მაცნეზე 10 აპრილს გამოქვეყნდა მთავრობის 238-ე დადგენილება, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დროს ნებადართული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს აზუსტებს. ცვლილებები შევიდა მთავრობის 30 მარტის დადგენილების “დანართ 2”-ში და მას 35-ე პუნქტი ჩაემატა.
კერძოდ, ახალ გამონაკლისებს შორის მოხვდა საკადასტრო და აზომვითი საქმიანობები.
“ამ დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართით გათვალისწინებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების ამ დადგენილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია,”- ნათქვამია დოკუმენტში.
35 საგამონაკლისო ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც მთავრობის დადგენილების დანართი 2-ით არის ნებადართული:
1 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, გადამუშავება, სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება, ასევე მიწოდება/რეალიზაცია
2 შენობების და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის)
3 სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის)
4 სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის)
5 საშენი მასალის წარმოება/საბითუმო ვაჭრობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის)
6 თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა სპეციალიზებული სავაჭრო ჯიხურებისა)
7 სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის)
8 სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო) სატვირთო გადაზიდვები და სხვა მასთან დაკავშირებული მომსახურებები
9 სადეზინფექციო, ჰიგიენური და ქიმიური საშუალებების წარმოება და საბითუმო რეალიზაცია
10 პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების, სპეცტანსაცმლის, სპეციალური დაცვითი საშუალებების და ეკიპირების წარმოება/მიწოდება
11 ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა
12 სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტელემაუწყებლობის საქმიანობები
13 საფოსტო და საკურიერო მომსახურება
14 საგამომცემლო საქმიანობა (პრესის ბეჭდვა)
15 ტელერადიომაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები
16 IT და სერვერული ინფრასტურქტურის და უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა (დისტანციურად)
17 საინფორმაციო სამსახურების საქმიანობა (მათ შორის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი) (დისტანციურად)
18 სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად)
19 ტექნიკური გამოცდები და ანალიზები; აკრედიტებული საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიები, პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები და ინსპექტირების ორგანოები
20 სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა (დისტანციურად)
21 სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები; საგადასახადო კონსულტირება (დისტანციურად)
22 საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა საკითხებში
(დისტანციურად)
23 არქიტექტურული საქმიანობები (დისტანციურად)
24 იურიდიული მომსახურება (დისტანციურად)
25 შენობების საერთო დასუფთავება და დეზინფექცია
26 დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები
27 სახანძრო და უსაფრთხოების სისტემის ტექნიკური მომსახურება
28 24-საათიანი სპეციალიზებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო, დედათა და ბავშვთა, შშმ, ხანდაზმულთა, ძალადობის მსხვერპლთა პანსიონატები/თავშესაფრები/დაწესებულებები)
29 არბიტრაჟი და მედიაცია (დისტანციურად)
30 ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები (გამწვანება, მორწყვა, მოვლა)
31 ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული
უზრუნველყოფით (დისტანციურად)
32 ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად)
33 საკონტროლო-სალარო აპარატების ჩეკის დასაბეჭდი ქაღალდის/რულონის მიწოდება
34 მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (მათ შორის ლიფტი,
გაზსადენი და სხვა) შეკეთება/რემონტი
35 საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები.
საგამონაკლისო საქმიანობები “დანართი 3”-ის მიხედვით:
- სამაცივრე მეურნეობების საქმიანობები;
- საბაჟო საწყობები;
- ცხოველთა სასაკლაოები;
- სურსათისა და ცხოველთა საკვების ლაბორატორიები;
- სადეზინფექციო მომსახურების ცენტრები;
- სასათბურე მეურნეობები;
- საირიგაციო/სამელიორაციო სისტემების მშენებლობა.
მუხლი 7. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა
1. საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:
ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;
ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;
გ) წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;
დ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;
ე) კომერციული ბანკების საქმიანობისა;
ვ) იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;
ზ) საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;
თ) ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;
ი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;
კ) საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;
ლ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;
მ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;
ნ) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა;
ო) საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);“;
პ) კერძო დაცვითი საქმიანობისა;
ჟ) საადვოკატო საქმიანობისა;
რ) ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა;
ს) პრესის ჯიხურებისა.
ტ) ნავთობის და გაზის მოპოვებისა, გადამუშავებისა;
უ) ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობისა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან (სახლიდან გაუსვლელად).“;
ფ) დასაწყობებისა და შენახვის საქმიანობისა (სამუშაო ადგილზე/საწყობში არაუმეტეს 5 ადამიანისა, გარდა საბაჟო საწყობებისა);
ქ) დაშვებული ეკონომიკური საქმიანობებისთვის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა, მიწოდებისა და რეალიზაციისა, აგრეთვე ეტიკეტირებისა და ეტიკეტირებასთან დაკავშირებული საქმიანობისა.“.
„11. დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დისტანციური მუშაობა გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან („სამსახურიდან, ოფისიდან“, მაგრამ არა უმეტეს 5 ადამიანისა)“.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 67 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.