იმ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი გაფართოვდა, რომელსაც საგანგებო მდგომარეობისას ფუნქციონირება არ ეზღუდება

1720

მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გაფართოვდა იმ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შესაბამისი პირობებით, არ ეზღუდება ფუნქციონირება. ამის შესახებ საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ მთავრობის №222 დადგენილებაშია აღნიშნული.

მთავრობის №222 დადგენილების თანახმად, ცვლილება შედის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ეკონომიკური სუბიექტების საქმინობას განსაზღვრავს.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალს დაემატა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (მათ შორის ლიფტი, გაზსადენი და სხვა) შეკეთება/რემონტიც.

დაშვებულია შემდეგი ეკონომიკური საქმიანობები:

1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, გადამუშავება, სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება, ასევე მიწოდება/რეალიზაცია:

2. შენობების და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);

3. სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);

4. სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);

5. საშენი მასალის წარმოება/საბითუმო ვაჭრობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);

6. თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა სპეციალიზებული სავაჭრო ჯიხურებისა);

7. სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის);

8. სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო) სატვირთო გადაზიდვები და სხვა მასთან დაკავშირებული მომსახურებები;

9. სადეზინფექციო, ჰიგიენური და ქიმიური საშუალებების წარმოება და საბითუმო რეალიზაცია;

10. პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების, სპეცტანსაცმლის, სპეციალური დაცვითი საშუალებების და ეკიპირების წარმოება/მიწოდება;

11. ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა;

12. სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტელემაუწყებლობის საქმიანობები;

13. საფოსტო და საკურიერო მომსახურება;

14. საგამომცემლო საქმიანობა (პრესის ბეჭდვა);

15. ტელერადიომაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები;

16. IT და სერვერული ინფრასტურქტურის და უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა (დისტანციურად);

17. საინფორმაციო სამსახურების საქმიანობა (მათ შორის ბიზნეს პროცესების ოუთსორსინგი) (დისტანციურად);

18. სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად);

19. ტექნიკური გამოცდები და ანალიზები; აკრედიტებული საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიები, პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები და ინსპექტირების ორგანოები;

20. სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა (დისტანციურად);

21. სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები;

22. საგადასახადო კონსულტირება (დისტანციურად);

23. საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა საკითხებში (დისტანციურად);

24. არქიტექტურული საქმიანობები (დისტანციურად);

25. იურიდიული მომსახურება (დისტანციურად); 26. შენობების საერთო დასუფთავება და დეზინფექცია;

27. დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები;

28. სახანძრო და უსაფრთხოების სისტემის ტექნიკური მომსახურება;

29. 24-საათიანი სპეციალიზებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო, დედათა და ბავშვთა, შშმ, ხანდაზმულთა, ძალადობის მსხვერპლთა პანსიონატები/თავშესაფრები/დაწესებულებები);

30. არბიტრაჟი და მედიაცია (დისტანციურად);

31. ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები (გამწვანება, მორწყვა, მოვლა);

32. ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად);

33. ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად).

34. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (მათ შორის ლიფტი, გაზსადენი და სხვა) შეკეთება/რემონტი.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 208 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 48 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.