გურიის სახელმწიფო რწმუნებული: მოსახლეობის თერმოსკრინინგი დავასრულეთ, არც ერთ მოქალაქეს არ დაუდასტურდა მაღალი ტემპერატურა

409

დავასრულეთ მოსახლეობის თერმოსკრინინგი. საბედნიეროდ არც ერთ მოქალაქეს არ დაუდასტურდა მაღალი ტემპერატურა, – ამის შესახებ გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ დაბა ნასაკირალში თერმოსკრინინგთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში მობილიზებულია ჯგუფები ექიმებისა და მოხალისეების მონაწილეობით, რომლებიც რეაგირებას მოახდენენ.

„თუ საჭიროება იქნება, რომ რომელიმე სოფელი გადამოწმდეს, რეაგირება იქნება მყისიერი. მობილიზებული გვყავს შესაბამისი ჯგუფები, სადაც მონაწილეობენ როგორც ექიმები, ასევე, მოხალისეები. ჩართულია პოლიციის ადგილობრივი შემადგენლობა, რომლებიც აქტიურად არიან ამ პროცესის თანამონაწილენი,“ – განაცხადა ნარსიამ.

გურიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა. ხელისუფლება მსგავს პრევენციულ ღონისძიებებს რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში გეგმავს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა,  ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 67 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.