არჩილ ჯაფარიძე: ლენტეხის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი, სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება

924

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი, სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება.

არჩილ ჯაფარიძის თქმით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა ჯერ არ გამოვლენილა, მკაცრ თვითიზოლაციაში კი ასამდე ადამიანი იმყოფება.

„ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკარანტინე ზონაში, ვითარება მშვიდია, თერმოსკრინინგი გრძელდება და სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება. საერთო ჯამში, თერმოსკრინინგი იქ მცხოვრებ 5 000 ადამიანს ჩაუტარდება. მუნიციპალიტეტი პროდუქტებით, მედიკამენტებით უწყვეტ რეჟიმში მარაგდება. გუშინ, 2 ტესტის პასუხს ველოდებოდით და საბედნიეროდ, ორივეს პასუხი უაყროფითი აღმოჩნდა. თვითიზოლაციის წესის, ან სხვა რაიმე დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა. პროცესი მშვიდ ვითარებაში მიდის, მედიკოსები მაქსიმალური ყურადღებით აკვირდებიან ინფიცირებულებთან შემხებლობაში მყოფ პირებს.

კორონავირუსით ჯამში, 5 პირია დაინფიცირებული, ასამდე ადამიანი კი მკაცრ თვითიზოლაციაშია. ისინი პირველადი კონტაქტები არიან. დანარჩენებზე ანალიზის გაკეთება თერმოსკრინინგის დასრულებიბს შემდეგ შეგვიძლია. ამ პროცესებში ოჯახის ექმები არიან ჩართული,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე ინფორმაციით, ლენტეხის მუნიციპალიტეტი საკვები პროდუქტებითა და მედიკამენტებით უწყვეტ რეჟიმში მარაგდება.

„ჯერჯერობით, არაფრის ნაკლებობა არ გვაქვს. პირბადეების დეფიციტი შეინიშნებოდა და უკვე დღეიდან, აფთიაქებში თვითღირებულებით, 50 თეთრად გაიყიდება პირბადეები. პროდუქტები არის. ადგილზე შექმნილია ჯგუფები, ჩემი მოადგილეები მუმიდვად ადგილზე არიან, შეიქმნება თუ არა რაიმე კრიტიკული მომენტი, მყისიერად ჩავერევით და დავარეგულირებთ,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

ლენტეხის მუნიციპალიტეტი პარასკევს, 10 აპრილს ჩაიკეტა. გამშვები პუნქტი მურის ხიდთან, მოეწყო. გზა გადაკეტილია, პერიმეტრს სამართალდამცავები და სამხედროები აკონტროლებენ და არც მანქანებს და არც ქვეითად მოსიარულეებს აღარ ატარებენ. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 4 ადამიანს დაუდასტურდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 67 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.