ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიდისყური (გომის თემში შემავალი სოფელი), სადაც გუშინ 30 წლის ქალს კორონავირუსის დაუდასტურდა, ჩაკეტილია. იქ შესვლა-გამოსვლა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც კი აკრძალულია. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჯერ არ არის ცნობილი ოჯახის სხვა წევრების დიაგნოზი, თუმცა ისინი კარანტინში უკვე გადაიყვანეს.
როგორც ადგილზე ყვებიან, თვითიზოლაციის მითითება მიეცა პაციენტის მეზობელ 5 სულიან ოჯახსაც, რომელიც დაავადებულთან ახლო კონტაქტში იყო.
ამ დრომდე დაკეტილია ის ქსელური მაღაზიაც, რომელშიც ცნობილია დაავადებული ქალი ხშირად დადიოდა.
“იმედის” ინფორმაციით, ამ ეტაპზე სოფელში შესვლის შესაძლებლობა მედია საშუალებებს არ აქვთ. აღნიშნული შეზღუდვა პრევენციის მიზნითაა დაწესებული.
რაც შეეხება ინფორმაციას გომში სუპერმარკეტის ქსელ „მაგნიტის“ დაკეტვის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. სადეზინფექციო სამუშაოები იქ გუშინ საღამოს ჩატარდა, დღეს კი სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმონადგენელთა თანადასწრებით განმეორებით ტარდება, თუმცა ქსელის რეგიონალური მენეჯერის ინფორმაციით, ეს კორონავირუსით ინფიცირებულ ქალს არ უკავშირდება.
„მაგნიტში“ ამბობენ, რომ დეზინფექცია მაღაზიას რეგულარულად უტარდება, კვირაში ერთხელ მასშტაბური და ყოველდღიურად თანამშრომლების ძალებით. ამგვარად, მარკეტს მუშაობაში შეფერხება არ აქვს და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
ცნობისათვის, 30 წლის ქალს, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურიდან (გომის თემში შემავალი სოფელი) თბილისში საეჭვო სიმპტომებით გადაიყვანეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ოჯახთან ერთად გომში, აგარაკზე იმყოფებოდა. ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, თარჯიმნად მუშობდა უცხოელებთან და სავარაუდოდ მათგან დაინფიცირდა.
გამოვლენილია და შესწავლილი ინფიცირებული ქალის კონტაქტები. 6 პირი, ოჯახის 5 წევრი და მეზობელი, გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილი.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 67 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.