მირიან ქათამაძე: ქობულეთის სოფლებში მობილური ბაზრები იმუშავებს

479

ქობულეთის სოფლებში მობილური ბაზრები იმუშავებს.  ამის შესახებ ქობულეთის მერმა განაცხადა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

მირიან ქათამაძის ინფორმაციით,  ოთხივე სოფელს სურსათით ამ ფორმით მოამარაგებენ. ასევე, მერის ინფორმაციით,  სოციალურად დაუცველებს სასურსათო კალათებს გადასცემენ.  კარანტინში მოქცეულ სოფლებში უკვე დაიწყო მასობრივი თერმოსკრინინგი. გამოკვლევა უტარდება ქალაქ ქობულეთის იმ უბნების მცხოვრებლებსაც, სადაც კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა.

“კარანტინის გამოცხადებამდე ქობულეთში და მათ შორის ამ სოფლებშიც ჩვენ დავარიგეთ სასურსათო კალათა სოციალურად დაუცველი, მარტოხელა და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის. პროცესი გაგრძელდება კარანტინის პირობებშიც. ხვალიდან კი,  მოსახლეობის იმ კატეგორიისთვის, რომელსაც აქვს სურვილი და შესაძლებლობა შეიძინოს პროდუქტი, ამოქმედდება მობილური ბაზრები.

ჩვენ ამას ქობულეთის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციასთან ერთად გავაკეთებთ. გამოიყოფა ტრანსპორტი და ასევე ყურადღება გამახვილდება, რომ პროცესი წარიმართოს უსაფრთხოების რეკომენდაციების სრული დაცვით,” – განაცხადა მირიან ქათამაძემ.

მეორე დღეა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში მკაცრი კარანტინი მოქმედებს. ადამინისტრაციული ერთეულების შესასვლელებთან ბლოკპოსტები მოწყობილი, რომელსაც ძალოვანი უწყებები აკონტროლობენ.

ჯამში, ”COVID 19”-ით მხოლოდ ქობულეთის კლასტერიდან 20 პირია ინფიცირებული. მათ შორის არის სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელიც.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 67 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.