ჩვენ გამოყოფილი გვაქვს სუსტი წერტილები, სადაც გვაქვს და ასეთი რეგიონების გაძლიერება მოხდება როგორც ადგილზე საველე ჰოსპიტალების გაშლით, ასევე მოხდება პაციენტების გადაყვანა მეზობლად მდებარე რეგიონებში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ტიკარაძემ განაცხადა, იქ, სადაც საველე ჰოსპიტალები არის საჭირო, უკვე მოწყობილია და მათი გაშლა მომავალშიც მოხდება.
„ყველა იმ რეგიონში, სადაც საჭიროება იყო საველე ჰოსპიტალების გაშლის, ჩვენ მყისიერად მოვახდინეთ ჰოსპიტალების გაშლა, რომლებიც მუშაობდნენ ცხელების კლინიკებიდან. რა თქმა უნდა, შემდგომშიც, სადაც ეს საჭიროება დადგება, ჩვენ ასევე მოვახდენთ საველე ჰოსპიტალების გაშლას, ვინაიდან დეტალურად გვაქვს შესწავლილი საქართველოში ჰოსპიტალური განვითარების ქსელი და ვმოქმედებთ იმ მოცემულობიდან, რომელიც ჩამოყალიბებულია წლების განმავლობაში საქართველოში ჰოსპიტალების ქსელებთან მიმართებით და ასევე მათი საწოლ ფონდის დღევანდელ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ჩვენ გამოყოფილი გვაქვს ის სუსტი წერტილები, სადაც გვაქვს და ასეთი რეგიონი საქართველოში არის რამდენიმე და ამ რეგიონების გაძლიერება მოხდება როგორც ადგილზე ცხელების ცენტრებად საველე ჰოსპიტალების გაშლით, ასევე მოხდება პაციენტების გადაყვანა მეზობლად მდებარე რეგიონებში, სადაც გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, როგორც საწოლ ფონდის მოცულობით, ასევე სასუნთქი აპარატებისა და სპეციალისტების მობილიზების მხრივ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით ცხელების კლინიკები და ზონები შეიქმნა. მათი შექმნის მიზანს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების კიდევ უფრო უკეთ მართვა წარმოადგენს.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 230 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 54 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.