ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში მდგომარეობა კონტროლის მხრივ გამკაცრებულია და მიმდინარეობს თერმოსკრინინგი.
მისივე თქმით, ვიდრე სამუშაოები არ დასრულდება, კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი მათ გაუჭირდებათ, ვინაიდან ყოველ წამს შეიძლება შეიცვალოს როგორც კლასტერის სიდიდე, ასევე რისკები.
„დღესდღეობით აჭარაში მიმდინარეობს მოკვლევა. მდგომარეობა კონტროლის მხრივ გამკაცრებულია და მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. ამ ეტაპისთვის, რა თქმა უნდა, დადგენილია გარკვეული ჯგუფი, მაგრამ სანამ სამუშაოები არ დასრულდება, კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი გაგვიჭირდება, ვინაიდან ყოველ წამს შეიძლება განახლდეს ინფორმაცია და შეიცვალოს როგორც კლასტერის სიდიდე, ასევე კლასტერიდან გამომდინარე რისკები“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 230 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 54 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.