„ძალიან მნიშვნელოვანია ჰოსპიტალური სექტორის მზაობა, მითუმეტეს იმ პერიოდში და იმ ვითარებაში, როცა ჩვენ უკვე თანდათან შევალთ კრიზისულ ფაზაში, სადაც იქნება მეტი მოდინება კლინიკებზე და საჭიროება იმისა, რომ სტაციონარული მომსახურება გაეწიოთ პაციენტებს.
სწორედ ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ რეგიონების მასშტაბით ჰოსპიტალური სექტორის შემოწმება. ჩვენ ვამოწმებთ სისტემურად როგორ არის გადანაწილებული, როგორც კოვიდ კლინიკები, ასევე ცხელების კლინიკები. გარდა ამისა, ვამოწმებთ კონკრეტული კლინიკის ინფრასტრუქტურას, თუ რამდენად არის ის მზად და შესაბამისობაში, რომ მიიღოს ასეთი მოდინების და ტიპის პაციენტები“, – აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ „მაესტროს“ გადაცემაში „დღის ამბები“ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად არის დატრენინგებული მედპერსონალი და რამდენად აქვს ათვისებული თითოეულ მათგანს პაციენტთან ურთიერთობის და ეკიპირების მოხმარების უნარ-ჩვევები.
მანვე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ზონირება, რათა არ მოხდეს ინფექციათა გადაკვეთა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგების სწორად დაგეგმარება.
“ჩვენ გავდივართ კონკრეტულ რეგიონში, საღამომდე ვასრულებთ ყველა კლინიკის მონიტორინგს, შემოწმებას, საღამოს კი ვამზადებთ დასკვნას, რომელიც წარედგინება საკოორდინაციო საბჭოს. შემდეგ საპასუხისმგებლო არეალების გადანაწილების მიხედვით კონკრეტული უწყებები ერთვებიან, რათა დაეხმაროთ კლინიკებს კონკრეტული ხარვეზების აღმოფხვრაში. დღეს ჩვენ პრემიერის დავალებით მონიტორინგის ჯგუფი გავაფართოვეთ. აღსრულებაც, მონიტორინგიც, კონტროლიც, ზედამხედველობაც იქნება გამკაცრებული, რადგან ვითარება არის არაჩვეული, ძალიან საპასუხისმგებლო, შესაბამისად, არ იქნება შეღავათები. თუ არასწორად დავიცავთ რეკომენდაციებს, ან უარს ვიტყვით იმ რეგულაციებზე, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ, ეს რისკები უფრო მეტად გაიზრდება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით ცხელების კლინიკები და ზონები შეიქმნა. მათი შექმნის მიზანს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების კიდევ უფრო უკეთ მართვა წარმოადგენს.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 230 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 54 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.