კორონავირუსის გამო ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს თბილისი 2021 წლის ნაცვლად 2022 წელს უმასპინძლებს

1110

კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს თბილისი 2021 წლის ნაცვლად 2022 წელს უმასპინძლებს.

FIBA–ს აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვეტილება გუშინ გამართულ ვიდეო-კონფერენციაზე მიიღო. ევროპის საკალთბურთო ჩემპიონატის (FIBA EuroBasket 2021) განახლებული თარიღებია 2022 წლის 1-18 სექტემბერი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა ჩეხეთთან, გერმანიასთან და იტალიასთან ერთად საქართველოც იქნება. თბილისში კი საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 230 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 52 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.