სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება

371

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინიტრაციის ინფორმაციით, სადეზინფექციო სამუშაოები კეთილმოწყობის, მუნიციპალიტეტების დასუფთავების ცენტრებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტაციების მართვის ცენტრმა ერთობლივად განახორციელეს.

“სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქებში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს”, – განმარტეს სამსახრეო ადმინისტრაციაში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 230 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 52 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.