საქართველოს სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე მარტის დასაწყისში გადავიდნენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაიხურა, იმისათვის, რომ მოსწავლეები სასწავლო პროგრამას არ ჩამორჩენილიყვნენ, სკოლებმა დისტანციური სწავლების სისტემა დანერგეს.
სოფელ ხულდარაში სკოლის მოსწავლეების დისტანციურ სწავლებაში ჩართვა სირთულეებთანაა დაკავშირებული. სოფელში ინტერნეტი გაყვანილი არ არის. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მოსწავლეები გვიყვებიან, რომ გაკვეთილებში მობილური ინტერნეტის გამოყენებით ერთვებიან.
„ჩვენთან მობილური ინტერნეტია მხოლოდ, სოფელში ინტერნეტი არ გვაქვს. მობილურში გვიწევს ყოველ თვე 19 ლარიანი პაკეტის ჩართვა, მაგრამ ამის შესაძლებლობა ყველას არ აქვს და ვერ მონაწილეობენ გაკვეთილებში,“ – ყვება ხულდარას საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე.
მოსწავლეები ამბობენ, რომ გაკვეთილებში მონაწილებისთვის მათ მეზობელ სოფელში, სადახლოში, გადასვლა უწევთ. ამ სოფელში ნაცნობები ან ნათესავები ჰყავთ და დისტანციურ გაკვეთილებს მათი ინტერნეტის გამოყენებით ესწრებიან.
დისტანციური სწავლების ხარვეზებზე საუბრობენ მშობლებიც.
„მე 3 შვილი მყავს, სამივე სკოლის მოსწავლე. ძალიან რთულად მიდის დისტანციური სწავლების პროცესი. სახლში სამი კომპიუტერი კი გვაქვს, მაგრამ ჩემი მობილური ტელეფონიდან სამივე კომპიტერზე ინტერნეტს რომ ვაზიარებ, სიმძლავრე ეკარგება. პერიოდულად გვიწევს სადახლოში, ახლობლების სახლში, წასვლა და იქედან მეცადინეობა“ – ამბობს ხულდარაში მცხოვრები სამი შვილის დედა.
სოფელ ხულდარას სკოლის დირექტორი მახმუდ მამედოვი ამბობს, რომ სკოლიდან დისტანციურ სწავლებაზე რეგისტრაცია 26-მა მასწავლებელმა გაიარა. დისტანციური გაკვეთილები სკოლის 150 მოსწავლეს უნდა ჩაუტარდეს. ინტერნეტის არქონის გამო კი ერთი კლასიდან, სადაც 20 მოსწავლეა, დისტანციურ გაკვეთილებს დაახლოებით 4-5 მოსწავლე ვერ ესწრება.
ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო, სკოლებში, უნივერსიტეტებსა და ბაღებში სწავლა 21 აპრილამდე გადაიდო და სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები ონლაინ სწავლებაზე გადავიდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 214 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 50 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.