გახარია: პიკს აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში უნდა ველოდოთ, თუმცა ყველანაირი პროგნოზი პირობითია

556

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პიკს აპრილის ბოლოს – მაისის დასაწყისში უნდა ველოდოთ.

ამასთანავე, მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ დღეს საქართველო, ისევე როგორც მსოფლიო ისეთი გამოწვევის წინაშე დგას, რომ ყველანაირი პროგნოზი პირობითია.

„ქვეყანაში, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე ვართ და პიკს ზუსტად ჯერ ეპიდემიოლოგები ვერ აფასებენ, თუმცა ველოდებით აპრილის ბოლოს – მაისის დასაწყისისკენ. თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ეს ისეთი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, რომ აქ ყველანაირი პროგნოზი არის პირობითი. ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ ის, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მთავრობები, მოქალაქეები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სამოქალაქო სექტორი ისე, რომ ზუსტი პროგნოზების საშუალება, სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, როგორც მოქალაქისთვის, ასევე მთავრობისთვის, ეკონომიკისთვის,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 214 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 50 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.